მთავარი სიახლეები საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

9
გაზიარება

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „arb“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „atv“-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, _ მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება.