მთავარი სიახლეები ახალ ზოოპარკში შესვლა ამ ეტაპისთვის უფასოა

ახალ ზოოპარკში შესვლა ამ ეტაპისთვის უფასოა

24
გაზიარება

თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი დამთვალიერებელს უკვე იღებს. ზოოპარკის ტერიტორიაზე უკვე გახსნილია 1 ვოლიერი (დათვების და მგლების) თუმცა, იქ არანაირი ინფრასტრუქტურა ამ ეტაპისთვის, მოწყობილი არ არის.

ვოლიერების მშენებლობისთვის თანხა, დაახლოებით 100 000 ევროს ოდენობით, ზოოპარკს გრანტის სახით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) გამოეყო, დანარჩენი თანხების მოსაზიდად კი მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან გრძელდება.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ახალი ზოოპარკი სრულად უახლოეს პერიოდში ვერ დასრულდება, რადგან ამ პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და მისი დროულად დასრულება დაფინანსების მიღებაზეა დამოკიდებული. მისი განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ახალ ზოოპარკში შესვლა უფასოა. „რადგანაც ამ დროისთვის ვიზიტორებს ვერანაირ ინფრასტრუქტურას ვერ ვთავაზობთ, შესაბამისად, შესვლაც უფასოა”-აცხადებს გურლიელიძე.

ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში კომუნიკაციების გამართვის სამუშაოები დაიწყება. თუმცა, ესეც დაფინანსების მიღებაზეა დამოკიდებული. მისი განცხადებით, თუ გარე წყაროებიდან ფინანსები ვერ იქნა მოზიდული, ამის დაწყება საკუთარი ბიუჯეტიდან მოხდება.

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. მიმდინარე წელს, ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 345 000 ლარამდეა გამოყოფილი. ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ჯამში ზოოპარკის გასამართად დაახლოებით 40 მილიონი ლარია საჭირო.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი 287 ჰექტარ ფართობზე ტორონტოშია, შემდეგ მოდის 107 ჰექტარით ნიუ იორკის ზოოპარკი. ევროპაში კი ყველაზე დიდი ზოოპარკი გერმანიას აქვს. ბერლინის ზოოპარკი 34 ჰექტარზეა განთავსებული.

სრული ვერსიის ნახვა commersant.ge