მთავარი სიახლეები ჰიტლერმა ყველა მოატყუა და სტალინზე დიდხანს იცოცხლა?!

ჰიტლერმა ყველა მოატყუა და სტალინზე დიდხანს იცოცხლა?!

92
გაზიარება

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჰიტლერმა გერმანიიდან ევა ბრაუნთან ერთად გაღწევა და არგენტინაში ჩასვლა მოახერხა! მეტიც, მან სტალინის სიკვდილის შემდეგ კიდევ ცხრა წელიწადს იცოცხლა! – ამ სენსაციური ვერსიის ავტორები ბრიტანელი ისტორიკოსები არიან.

ჯერარდ უილიამსი და საიმონ დანსტენი ირწმუნებიან, რომ 1945 წლის 27 აპრილს, როცა საბჭოთა არმია მთელ ბერლინს უტევდა, ფიურერმა და მისმა მეგობარმა ქალმა ევა ბრაუნმა რაიხსკანცელარიის შენობიდან გაქცევა საიდუმლო გვირაბით მოახერხეს. ჰიტლერის ადგილი მისმა ორეულმა დაიკავა, ხოლო მისი საყვარლის როლი ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა შეასრულა. სწორედ მათ მოიკლეს თავი 20 აპრილს რაიხსკანცელარიის ბუნკერში.

თავად ჰიტლერი და ევა ბრაუნი თვითმფრინავით ჯერ დანიის ქალაქ ტონდერში გადაიყვანეს, იქიდან კი ქალაქ ლიუბეკ-ტრავემიუნდეს ბაზა ლიუფტბაფში. შემდეგ ბორტმა JU52-მა წყვილი ესპანეთის ქალაქ რეუსში ჩაიყვანა, რომელიც ბარსელონას სამხრეთით მდებარეობს. ესპანეთის დიქტატორმა, გენერალმა ფრანკომ კი ფიურერს თვითმფრინავი მისცა, რომელზეც ესპანეთის ამოსაცნობი ნიშნები იყო. ამ თვითმფრინავით ჰიტლერი კანარის კუნძულებზე ჩაფრინდა, მეორე დღეს კი ევა ბრაუნთან ერთად წყალქვეშა ნავზე ავიდა. სწორედ ამ წყალქვეშა ხომალდით ჩავიდნენ ფიურერი და მისი საყვარელი შორეულ არგენტინაში, რომლის ხელისუფლებაც ნაცისტებს თანაუგრძნობდა.

ბრიტანელმა ისტორიკოსებმა ჰიტლერის გაქცევის ამ ვერსიას წიგნიც მიუძღვნეს, “რუხი მგელი – ადოლფ ჰიტლერის გაქცევა”.
ჯერარდ უილიამსი და საიმონ დანსტენი ირწმუნებიან, რომ ჰიტლერის გაქცევის ეს გეგმა ჯერ კიდევ 1943 წელს მოამზადა მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა მარტინ ბორმანმა. მაშინ სამხრეთ ამერიკაში მეოთხე რაიხის შექმნის გეგმაც კი შეიმუშავეს, რომელიც გერმანიის მემკვიდრე იქნებოდა.
თავად ბორმანმაც, რომელიც ვეღარ იპოვეს, ამავე გეგმით ისარგებლა. მკვლევართა ვერსიით, ის ბუნკერიდან 1945 წლის პირველ მაისს გაიქცა. ათი დღის შემდეგ კი მოკავშირეებთან მოხვდა, ვინც იგი ჯერ შვეიცარიის ბაზელში, შემდეგ ბრიტანეთში გადაიყვანა. ამ ვერსიით, ბორმანს პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს, შეუცვალეს ხმა და სიარულის მანერა. ჰიტლერის თანამოაზრე და თანამებრძოლი, ისტორიკოსთა ვერსიით, ამ ამბებიდან სამ წელიწადში ბრიტანეთშივე გარდაიცვალა.

ბრიტანელი ისტორიკოსებისვე მტკიცებით, გაქცევის საქმესთან ამერიკული სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, რომელთაც არა მხოლოდ გერმანელთა საიდუმლოებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება სურდათ, არამედ გვარიანი გასამრჯელოც მიიღეს.
ფიურერმა და მისმა საყვარელმა ქალაქ მარ-დელ-პლატას შეაფარეს თავი. 1953 წელს ევა ბრაუნი ჰიტლერს დასცილდა და ქვეყნის დასავლეთით ქალაქ ნეუკენში გადაბარგდა. თავად ჰიტლერმა კი მარ-დელ-პლატაში სიკვდილამდე, 1962 წლამდე იცხოვრა. სიცოცხლის ბოლოს გულმავიწყობა დასჩემდა, თუმცა ნაცისტთა გამარჯვებისა მაინც სჯეროდა.

წიგნის ავტორების მტკიცებით, ჰიტლერსა და ბრაუნს ორი გოგონაც ჰყავდათ. ერთი 1941 წლის ბოლოს დაიბადა. ბავშვები თავიდან მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ ბრაუნთან ერთად ნეუკენში გადავიდნენ. დედის გარდაცვალების შემდეგ ეს ქალაქი დატოვეს, თუმცა სამხრეთი ამერიკა დღემდე არ დაუტოვებიათ.
ჯერარდ უილიამსმა და საიმონ დანსტენმა ეს ვერსია მფრინავ პიტერ ბაუმჰარტის, ბერლინში იმ პერიოდში აკრედიტებული იაპონელი დიპლომატის, ექიმების, მზარეულებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლების ნაამბობზეც ააგეს, ვინც ფიურერთან მსახურობდა, შემდეგ კი არგენტინაში აღმოჩნდა.
ბრიტანელი მეცნიერები ასევე შეხვდნენ არგენტინელ 78 წლის მოხუცს, რომელსაც 1953 და 1956 წლებში მესამე რაიხის ფიურერთან ურთიერთობა ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე სასტუმროში ჰქონდა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურში კი 1945 წელს ჰიტლერის გაქცევის ვერსიას არასერიოზულს უწოდებენ. სამსახურის სარეგისტრაციო და არქივის განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ ხრისტოფოროვი ამბობს, რომ წიგნი “რუხი მგელი – ადოლფ ჰიტლერის გაქცევა” არის იაფი სენსაციის კიდევ ერთი მცდელობა.

“1945 წლიდან დღემდე დოკუმენტურად და საგნობრივად დადასტურებულია ჰიტლერის სიკვდილი და ეს მასალები სუკ-ის არქივის სპეციალურ განყოფილებაში ინახება. მათ შორისაა ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის დაკითხვის ანგარიშები, იმ ადგილის ფოტოები, სადაც ფიურერისა და მისი საყვარლის ცხედრები აღმოაჩინეს და აქტები, რომელიც ცხედრებზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად მომზადდა. აქვე ინახება ჰიტლერის ყბის ძვლის ნაწილი, მისი პირადი ნივთები. ეს მასალები არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ ჰიტლერი 1945 წელს გარდაიცვალა”, – განმარტავს ხრისტოფოროვი.
უშიშროების სამსახურის სარეგისტრაციო და არქივის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰიტლერის სიკვდილთან დაკავშირებულ მასალებს გრიფი “საიდუმლო” 1996 წელს მოეხსნა და ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მათი შესწავლის მიზნით არქივს ხშირად მიმართავენ დამოუკიდებელი ექსპერტები და გენეტიკური ანალიზისთვის ნებართვასაც ითხოვენ.

“როგორც ფიურერის სიკვდილის ერთადერთი საგნობრივი დადასტურების მფლობელი, არქივი მზად არის, ისტორიული სიმართლის დასადგენად კანონის შესაბამისად ითანამშრომლოს და კვლევისთვის მიაწოდოს ჰიტლერის ყბის ძვლის ფრაგმენტი”, – განაცხადა ხრისტოფოროვმა.