მთავარი სიახლეები ,,დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი!…დაანებეთ ამ ფუტკრებს თავი…”

,,დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი!…დაანებეთ ამ ფუტკრებს თავი…”

223
გაზიარება
,,თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი! მათი გაღატაკება და ქვეყნის გაპარტახება ჯერ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ, დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი! როდესაც ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონის “ვერხუშკას” მწვანე აუნთე ეკლესიებში! როდესაც შენს მიერ ნაკურთხ-ნაზიარებმა “ელიტამ” ამ ხალხის კუთვნილი კაპიტალი, მისი წილი სასიცოცხლო არეალი ურცხვად და უნამუსოდ მიითვისა, მაგრამ სამაგიეროდ ახალ-ახალი ეკლესიები ააშენა! ამისათვის თბილისის ახალ ეკლესიებზე წაწერილი არქიტექორების სახელებიცა კმარა… არც ის დაგავიწყდეს: სამღვდელოების ჯიპები და ფუფუნებაც ამ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული. პატიოსანი შრომა სირცხვილი არ არის. მოსამსახურეობა გაცილებით ღვთისნიერი და მადლიანია, ვიდრე ამბიონებიდან ოქროვერცხლაჩურჩხლული, ჩასუქებული აფერისტების კურთხევა, ჯადოს ახსნა, ხალხის დაბოლება – რა თქმა უნდა, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. მგონი, არც მაცხოვარი ყოფილა თავადი და არც – მოციქულები, ხომ არ მეშლება? და კიდევ: დაანებეთ ამ ფუტკრებს თავი, ბოლოსდაბოლოს! ფუტკრები ქვეყანას ვერ ააშენებენ. სჯობს ამდენ ეკლესიას თავშეფარებულ მუქთახორას ნიჩბები დააკავებინო ხელში და ქალაქები თუარა, სოფლები ხომ მაინც აშენდება…” –  ასე გამოეხმაურა ცოტნე გამსახურდია პატრიარქის საკვირაო ქადაგებას…

 

 აქვე ავტვირთავთ ფოტოს, რომელიც 2012 წელს არის გადაღებული, მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია პატრიარქის თხოვნით შეიწყალა ექსპრეზიდენტმა და 14 წლითა და 6 თვით პატიმრობას გადაარჩინა. გათავისუფლებული გამსახურდია კი პირველად უწმინდესს ეახლა და მადლობის სათქმელად… 

 იმასაც შეგახსენებთ, რომ  ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავებული იქნა და იარაღის უკანონოდ ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის წაეყენა ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 9 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, ციხის სავადმყოფოში ყოფნისას, მას ბრალად სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება წაუყენეს, რაშიც სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო და საერთო ჯამში მას 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.