მთავარი სიახლეები დაბინძურებული მდინარე ვერე მთელ თბილისს საფრთხეს უქმნის

დაბინძურებული მდინარე ვერე მთელ თბილისს საფრთხეს უქმნის

29
გაზიარება

“სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა თბილისის მერს, დავით ნარმანიას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს განცხადებით მიმართა. საქმე იმაშია, რომ 13-14 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ ქუჩაზე საშინელი ანტისანიტარიული მდგომარეობაა. „13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე საშინელი ანტისანიტარია მძვინვარებს. საქმე იმაშია, რომ ქუჩის ბოლოს, მდინარე ვერეს მიმდებარედ, საბურთალოს სასაფლაოს ფერდობზე გაჭედილია საკანალიზაციო კოლექტორი, რის შედეგადაც, მთელი ბაგებისა და წყნეთის კანალიზაცია მდინარე ვერეში ჩაედინება. ფეკალიებით სავსე წყალმა თვითონ გაჭრა კალაპოტი და ეს ბინძური სითხე, რომელიც უკვე მდინარე ვერეს შენაკადად გადაიქცა, გარდა იმისა, რომ აბინძურებს მდინარე ვერეს და მთლიანად ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, საშინელი სუნით ახრჩობს სტიქიას გადარჩენილ მოსახლეობას. აღნიშნულ ადგილას რამდენიმე ჭაობია წარმოქმნილი და ყარს! დაბინძურებული ეკოლოგია კი წამლავს არამარტო ჩვენი ქუჩის მოსახლეობას, არამედ, მთელ თბილისს, რადგან, მოგეხსენებათ, ამ საკანალიზაციო ფეკალიებით დაბინძურებული მდინარე ვერე თითქმის მთელ დედაქალაქს გაივლის. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზაფხულია და უკვე დიდი სიცხეებიც დაიწყო. ჭაობიან შენაკადად ქცეული საკანალიზაციო სითხე კი ანტისანიტარიის ბუდეა და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ადგილას უკვე მომრავლდნენ ქვეწარმავლები, მღრნელები, მწერები… მოგეხსენებათ, ეს საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალი გზაა და ამ ქუჩაზე უამრავი გამვლელია. ისინი ყოველდღიურად ჩივიან, რომ ქვეწარმავალსა თუ მღრნელს გადაეყარნენ. სრიალა გველები ნახა აგრეთვე ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ადგილზე მდგომარეობის დაფიქსირებას ცდილობდა. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, სასწრაფოდ მოაგვაროთ აღნიშნული პრობლემა, რათა სუნთქვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება ჰქონდეს სტიქიისგან ძლივს გადარჩენილ მოსახლეობას, მთელ დედაქალაქს და ასევე არ მივცეთ დაბინძურების საშუალება ქვეყნის ეკოლოგიას, რომელიც თქვენი პირდაპირი მოვალეობაა“ – ნათქვამია განცხადებაში.