მთავარი სიახლეები სად კეთდება ყველაზე მეტი ფული საქართველოში – შემოსავლიანი ბიზნესების TOP-ექვსეული

სად კეთდება ყველაზე მეტი ფული საქართველოში – შემოსავლიანი ბიზნესების TOP-ექვსეული

90
გაზიარება

ვებ-გვერდ businessmap.ge-ზე, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით შემოსავლების სამსახურის და ALLProperty.ge-ს პარტნიორობის შედეგად შეიქმნა, გამოქვეყნებულია ბიზნეს რუკა.
ბიზნეს რუკა არის ხელსაწყო, რომელიც აანალიზებს 25 მილიონამდე ჩანაწერს და უკეთებს აგრეგირებას ბიზნეს ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: კომპანიების რაოდენობა, ჯამური შემოსავალი, საერთო მოგება, საერთო ხარჯი, თანამშრომლების რაოდენობა, თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები, კომერციული ფართების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები. წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს არა მარტო მთლიანი ინდუსტრიის სქრინინგი, არამედ ინდუსტრიის ეკონომიკის შეფასება კონკრეტულ ლოკაციაზე.

ბიზნეს რუკაზე წარმოგენილი ინფორმაცია კრიტიკულია როგორც სტარტაპებისთვის, ასევე მცირე დასაშუალო ზომის ბიზნესებისთვის, რომელთაც სჭირდებათ შეაფასონ პოტენციური ბიზნესის ბაზარი სხვადასხვა ჭრილში, შეადარონ საკუთარი აქტივობა ბაზრის საშუალოს და ნახონ თუ სად შეუძლიათ პოზიციის გაუმჯობესება.

ბიზნეს რუკაზე მოცემული ინფორმაციის შედეგად ჩანს, რომ აზარტული თამაშების სექტორი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში. თუ 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 2,121,744,711 ლარს შეადგენდა, 2016 წელს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 2 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.

2016 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოგებამ 363 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 50 მილიონით მეტია 2015 წელთან შედარებით. აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა წარმოდგენილი. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ საინტერესოა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები. კაზინოები გადასახადს მოსაკრებლის სახით იხდიან, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშები არანაირი დამატებითი გადასახადით არ იბეგრებიან. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საბიუჯეტო შენატანების სახით 2016 წელს აზარტული თამაშების ბიზნესმა ბიუჯეტში მხოლოდ 109 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც მიღებული შემოსავლისა და ყველაზე მაღალი მოგების ფონზე საკმაოდ მიზერული თანხაა.

2017 წლის პირველ 3 თვეში აზარტული თამაშების სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. საბიუჯეტო შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი პირველ კვარტალში 1,4%-ს არ აღემატება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 0,8%-ს შეადგენდა. წელს შედარებით გაზრდილი შენატანი დაბეგვრის ახალი რეჟიმიდან გამომდინარეობს.

ონლაინ აზარტული თამაშები ერთ-ერთი მთავარი მაგენერირებელია აზარტული თამაშების სექტორის, რომელიც ცალკე დაბეგვრას არ ექვემდებარება. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ერთ-ერთი კვლევის თანახმად მხოლოდ ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს სფერო სრულიად უკონტროლოა და თავის ნებაზეა მიშვებული.

მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების საკითხზე აქტიური განხილვები დაიწყო. შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.

2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტ ანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრიდან. დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება. აღსანიშნავია, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და, ჯერჯერობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულირების მოდელზე მუშაობს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი იქნება თუ მთავრობა აზარტული თამაშების მოსაკრებლის გაზრდაზე და ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ცალკე დაბეგვრაზეც დაიწყებს ფიქრსა და მუშაობას.

ბიზნეს რუკის მიხედვით ყველაზე მაღალშემოსავლიანი სექტორები შემდეგნაირად გამოიყურება: აზარტული თამაშები, ბუნებრივი აირით ვაჭრობა, კომერციული ბანკები, საწვავის ბაზარი, ფარმაცია, თამბაქო.

ბუნებრივი აირი

ბუნებრივი აირის შემოსავლებმა 2015 წელს 2 424 802 234 ლარი შეაგინა, 2016 წელს კი ინდუსტრიის შემოსავალი 300 მილიონით გაიზარდა და 2 764 081 271 ლარი შეადგინა. კომპანიების რაოდენობა ჯამში – 198.

ბუნებრივი აირის ძირითადი მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია და შესაბამისად აზერბაიჯანული კომპანია სოკარი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკი გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს. საზოგადოებაში და ანალიტიკოსებში არის მოლოდინი, რომ ტარიფი გაიზრდება, შესაბამისად, სექტორის მოგებაც გაიზრდება.

საბანკო სექტორი

წლებია საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულად ფუნქციონირებადი სექტორია. 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით კი 3 მილიარდს. თუმცა, შემოსავლების სამსახური ეროვნული ბანკისგან განსხვავებულად ითვლის და რადგან ბიზნეს რუკა მათი თანამონაწილეობითაა შექმნილი, შესაბამისად, ინფორმაციაც მათ მონაცემებზე დაყრდნობითაა მოცემული.

საბანკო სექტორის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2016 წელს ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 მლნ ლარი შეიტანა, 2015 წელს – 67 მლნ ლარი, 2014-ში – 79 მლნ ლარი, 2013-ში – 44 მლნ ლარი.

იმის ფონზე, რომ მათი მოგება მზარდია, საბანკო სექტორიც ვერ დაიკვეხნის ქვეყნის მთავარ ხაზინაში შენატანი თანხის მოცულობით. ვხედავთ, რომ როგორც აზარტული თამაშებიდან, ასევე საბანკო სექტორიდანაც ქვეყნის ბიუჯეტში მიზერული თანხა შედის.

განაგრძეთ კითხვა