მთავარი სიახლეები ინგა – რეალურ, შემზარავ ამბავზე დაფუძნებული ახალი ქართული ფილმი

ინგა – რეალურ, შემზარავ ამბავზე დაფუძნებული ახალი ქართული ფილმი

32
გაზიარება

მაისში ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის დახურულ ჩვენებაზე დამპატიჟეს. სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მქონია, თუმცა ყველაზე ბედნიერი ვარ როცა შემიძლია ვთქვა, რომ შევცდი.

ფილმი ახალი ამბით იწყება – მზე ქრება. რაც იმას ნიშანვს, რომ ადამიანებს სინათლესთან გამოსამშვიდობებლად უკანასკნელი რვა წუთი რჩებათ.

პირველივე კადრიდან, დასრულებამდე და მას შემდეგაც, მქონდა განცდა, რომ ვუყურებდი ფილმს, რომლის მსგავსიც აქამდე არ მინახავს და რაც მთავარია, მსგავსი სცენარი ქართულ კინოში ჯერ არ შემხვედრია.

მიხარია იმის თქმა, რომ 8 წუთის შემქმნელები ახალ, თანაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მუშაობენ.

ინგას რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი იქნებიან, სცენარზე კი მარი ბექაურმა და ზაზა კოშკაძემ იმუშავეს.

ვინ არის ინგა?

გარემო ინგას წინააღმდეგაა. მას გამუდმებით ჩაგრავენ და არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. ინგაც ცდილობს, დამორჩილდეს. ყველაფერი ჩუმად და მოთმინებით აიტანოს. თუმცა ინგასთვის დგება მომენტი, როცა აცნობიერებს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ბრძოლას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ კანში, ქართული კინოს პავილიონში, სადაც უცხოელი პროდიუსერები ეროვნულ კინემატოგრაფს ეცნობოდნენ, ინგამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

ინტერესი საქართველოშიც დიდია, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს მწერალ მარიამ ბექაურთან, რომელიც ინგას სცენარისტია.

მარი, როგორ გაჩნდა ინგა თქვენს ცხოვრებაში და რატომ გადაწყვიტეთ მისი კინოპერსონაჟად გადაქცევა?

ინგას ამბავი ნამდვილი ამბავია, განსხვავებული დასასრულით. არც ერთი მთავარი პერსონაჟია გამოგონილი. ინგა რეალურად არსებული ოჯახის ისტორიაზეა დაფუძნებული და ეს ისტორია იმდენად შემზარავია, იმდენ პრობლემას მოიცავს, რომ გადავწყვიტეთ, ფილმად გვექცია. კინო ხომ დღესდღეობით ცნობიერების ამაღლების და სტერეოტიპებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

ამბავი ნამდვილად ტრაგიკული და შემზარავია. სწორედ ამიტომ მინდა გკითხო, მისი სცენარად ქცევა, ხომ არ იყო ერთგვარი ფემინისტური მანიფესტი?

რასაკვირველია, ინგა ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, თუმცა ამავდროულად, ეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, როგორიცაა ბავშვთა სახლებში არსებული მძიმე მდგომარეობა, შშმ პირების დისკრიმინაცია, საზოგადოების, როგორც სისტემის, დახურულობა. ამიტომ ინგა სოციალური კინოა, ბევრი პრობლემით, რომელთა დაძლევასაც ვცდილობთ.

როგორც თქვი, ფილმი ბავშვთა სახლების, ქალებზე ძალადობისა და შშმ პირების პრობლემებს ეხება. ამდენი თემის გაშლა ერთ ფილმში ხომ არ დაუკარგავს მას მთავარ აქცენტებს?

რასაკვირველია, ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ და ღამეები ვათენეთ სცენარის დაგეგმვაში, რომ ყველა მოვლენას თავისი მიზეზი და თავისი შედეგი ჰქონოდა. ამიტომ, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ფილმში არცერთი თემა და მით უმეტეს – მთავარი, არ იკარგება.

თქვენი აზრით, როგორ მიიღებს ამ ფილმს მაყურებელი?

მე წინასწარ მაყურებლის რეაქციას ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ მჯერა, რომ რადგან ჩვენში გაჩნდა ინგა პროტესტით სახით, ის სხვებშიც არსებობს და დღეს ბევრი ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის.

რა გამოარჩევს ინგას სხვა მსგავსი ტიპის ფილმებისგან?

ინგას სცენარი დახურული სისტემის მოდელზეა აგებული. ოჯახი, სადაც ინგა საცხოვრებლად გადადის, ოჯახის უფროსის – მურთაზის მიერ შემუშავებული წესებით იმართება. ოჯახის ყველა წევრი გარკვეულ როლს თამაშობს, რომელიც ჩაკეტილი სისტემის წევრებს ახასიათებთ: აქ არიან კონფორმისტები, რიტუალისტები, რეტრიტისტები და რასაკვირველია, მეამბოხე – ინგა, რომელიც თავისი ქმედებით ოჯახს უპირისპირდება. ეს კი სისტემაში წონასწორობის რღვევას იწვევს და სისტემა ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგება. ამ ერთი ოჯახის მაგალითზე კარგად ჩანს ნორმის ქმედითობის მექანიზმები და დახურული სისტემის მანკიერებები. ყველა მთავარი პერსონაჟი თავიანთი ღირებულებებით და მათი შესრულების წესით ზუსტად მიჰყვება იმ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ჯგუფში, ნებისმიერ საზოგადოებაში ვითარდება.

ვინ ასრულებს მთავარ როლს ფილმში და როდის იხილავს მას მაყურებელი?

ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია და ზურა გაბუნია შეასრულებენ. რაც შეეხება ფილმის გამოსვლას, გადაღებებს სავარაუდოდ მომავალი წლის სექტემბერში დავიწყებთ. გადასაღებად საჭირო თანხის ნაწილი გვაქვს და იმედია, მანამდე დანარჩენის მოძიებასაც შევძლებთ.

on.ge